"სახელმწიფო ვერ მოიშორებს პასუხისმგებლობას დაზარალებული მძღოლების წინაშე," - დავით მესხიშვილი
ვინ აანაზღაურებს სტიქიის დროს დაზიანებული დაუზღვეველი მანქანების საფასურს უცნობია. რას გეგმავს ხელისუფება, არც მთავრობის და არც მერიის მხრიდან არ კონკრეტდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი ითხოვენ, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესები დაკმაყოფილდეს.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას შეისწავლოს ყველა ის ავტომობილი, რომელიც იყო დაუზღვეველი და შემდეგ მოხდეს მისი ანაზღაურება.
"სახელმწიფო ვერ მოიშორებს პასუხისმგებლობას დაზარალებული მძღოლების წინაშე. ვინაიდან, მათ დროულად რომ მოეხდინათ, თუნდაც გზის გადაკეტვა და ევაკუაცია, ასეთ ზარალს ვერ მივიღებდით. უმეტესობა მძღოლებისთვის, შესაძლოა ეს იყო ერთადერთი საარსებო წყარო," - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. ის აპირებს მიმართოს წერილით შესაბამის უწყებებს და მათი უფლებების დაცვა მოითხოვოს.
როგორც ცნობილია, ფინანსთა მინიტრმა დღეს განაცხადა, რომ დაუზღვეველი მანქანების ზარალის ანაზღაურება მოხდება იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს.
რაც შეეხება დაზღვეულ მანქანებს, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა უკვე დაიწყო ეტაპობრუვად ანაზღაურების პროცესი.
როგორც „ჯი-პი-აი ჰოლდინგში“ განმარტავენ, ასეთი ავტომობილი მათ მიერ დაზღევული 37-ია. მათი თქმით, 60-70 პროცენტი უკვე გადახდილია და უმოკლეს ვადებში მოხდება ანაზღაურება 100 პროცენტით.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ან განადგურებული მანქანების აღრიცხვას აწარმოებდა მთავარი პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, უკვე შესწავლილია 130 ასეთი ავტომობილი.
