ლარის გაუფასურების გამო საფეხბურთო კლუბი კვებისთვის დამატებით 10 800 ლარს ითხოვს
ტყიბულის საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“ ფეხბურთელების კვებისთვის 10 ათას ლარზე მეტის დამატებას ითხოვს.
„ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით და საკვები პროდუქტების ფასების გაძვირების გამო ფეხბურთელების კვებისათვის წლის დასაწყისში განსაზღვრული თანხა ამოიწურა ოქტომბრის თვეში და მოსაძიებელი გახდა თანხა გუნდის კვებისათვის“, - წერია საფეხბურთო კლუბის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის 12 ნოემბერს გაგზავნილ წერილში. ამ წერილით „მეშახტე“ კვების მომსახურების დაუყოვნებლად, ტენდერის გარეშე შესყიდვას ითხოვს.
კლუბს თითო ფეხბურთელის გამოსაკვებად, ნოემბრის თვის მონაცემების თანახმად, დღეში 20 ლარი სჭირდება. მთელი წლისთვის დადგენილ ბიუჯეტში, რომელიც საკმარისი უნდა ყოფილიყო 20 სპორტსმენის გამოსაკვებად, წლის ბოლო, 27 დღისთვის საჭირო თანხა აღარ არის.
კლუბს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ფეხბურთელების კვება ჩემპიონატის პერიოდში და თუკი ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, გუნდი ვარჯიშს ვეღარ გააგრძელებს და ჩემპიონატის გათამაშებიდან ჯარიმით მოიხსნება.