ამ მარიონეტული მთავრობის პირობებში რაიმე სახის არჩევნები ლეგიტიმური არ არის
ამ მარიონეტული მთავრობის პირობებში რაიმე სახის არჩევნები არ არის ლეგიტიმური“ – ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფოხაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას.
გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება და ამბობს, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებში, არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში არ ჩატარდება.
“ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის ხელში, მაჟორიტარული არჩევნები ემსგავსება კომუნისტური ეპოქის არჩევნებს, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდათ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატორული რეჟიმის დამყარება. მე მიმაჩნია, რომ ამ მარიონეტული მთავრობის პირობებში რაიმე სახის არჩევნები არ არის ლეგიტიმური. არავითარ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმმა არჩევნები აღარ უნდა ჩაატაროს და მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო-სახალხო პროტესტზე. სწორედ იმ მიზნით, რომ მჩაგვრელები, რომლებიც ივანიშვილის ქუდქვეშ არიან მოქცეული. ეს მჩაგვრელები წავიდნენ ციხეში.“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.