ბოკერია: ჩუგოშვილი ვერ შექმნის განცდას, რომ ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრება მიდის
„დღეს მოვისმინე ქალბატონი ჩუგოშვილის განცხადება, რომ ფრაქციას შექმნიან და იმედი აქვთ, რომ იქნება სავსე და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. თუ ქალბატონ ჩუგოშვილს ან მის ყოფილ უფროსს, ივანიშვილს, აქვს ილუზია, რომ ამით შექმნიან ილუზიას ნორმალურობის, რომ ვითომ არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივად გრძელდება ამბავი, ძალიან ცდებიან. ჩუგოშვილი და ვერავინ ვერ შექმნის განცდას, რომ ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრება მიდის“, - აღნიშნავს ბოკერია და განაგრძობს, - „ამ მცდელობით დაადასტურებენ, რომ კი, დაამცირა ივანიშვილმა, გავიდნენ უმრავლესობიდან, მაგრამ რეალურად ივანიშვილის ამ პოლიტიკური მონების რიგში რჩებიან“.
ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ეს ასე არ იქნება. მისი თქმით, 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს მარტივად შეუძლიათ ამის დემონსტრირება - პოლიტიკური განცხადებებით პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის, „გერმანული მოდელის“ პრინციპის შესახებ.
„თავი დაანებონ ნორმალურობის ილუზიის შექმნას, რითაც თვითლუსტრაციას მოახდენენ, როგორც ახალ როლში, როგორც დანიშნული პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში“, - თქვა ბოკერიამ.
თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს იმ დეპუტატებს დაუკავშირებს, რომლებმაც უმრავლესობა საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს.
„ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, არიან ის ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღეს უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება. ყველა ადამიანი, ვისთანაც გვაქვს საუბარი, არის ძალიან პრინციპული, პროფესიონალი, და მე ვფიქრობ, რომ ამ ფრაქციაში, - თუ ის შეიქმნება და იმედი მაქვს, რომ შეიქმნება, - იქნება ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 8 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.