ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულიას კანდიდატურა განიხილება
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ:
„განხილვას ვადასტურებ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს საჭიროებს კონსულტაციებს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
„აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ევროინტეგრაციის მიმართულებით. თამარ ხულორდავა იმიტომ კი არ წავიდა, რომ რამე მიმდინარე საქმიანობას თავს ვერ ართმევდა. მას ჰქონდა ძალიან რთული პოზიცია მოცემულობასთან დაკავშირებით, რაც ჩამოყალიბდა ბოლო მოვლენებსა და ვალდებულებებს შორის, რაც იყო აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან. აქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯები, რას ვაპირებთ, როგორ მივდივართ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირაში პროპორციული სარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები 12-მა დეპუტატმა დატოვა.
კერძოდ, თამარ ჩუგოშვილისა და ზვიად ძიძიგურის უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ, ვაკანტური გახდა პირველი ვიცე-სპიკერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობები. ასევე ვაკანტურია სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები. ვაკანტურია ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.