შსს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის ჩაქრობის შესახებ იტყობინება
„მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში გვქონდა ხანძრის 7კერა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ.
შსს ხანძრების ჩაქრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ლიკვიდირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან გაჩენილი ტყის ქვედა საფარის ხანძარი.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 35-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 45-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 13 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“.