„მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
18 ნოემბერს დაკავებულ გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
„მოსამართლემ გამოაცხადა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას სასამართლოს დარბაზში შემოსვლამდე გაანდეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, მე წინასწარ მქონდა განცდა, რომ მოსამართლე თუნდაც ასე აშკარად ჩადებული იარაღის საქმეზე გიორგი რურუას მიმართ პატიმრობას გამოიყენებდა.
თუმცა დღეს პროცესის განმავლობაში, როდესაც ვუსმენდი მეორე მხარეს და პროკურორი სასაცილო მდგომარეობაში იყო და ვიფიქრე, ამას მაინც შეიძლებოდა შეეცვალა მოსამართლის დამოკიდებულება და ის გამოიჩენდა პრინციპულობას. ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. მოსამართლეები უფრო დიდ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ის პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ უდებენ იარაღს“, - თქვა სასამართლო პროცესის შემდეგ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გიორგი რურუა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გიორგი რურუამ 24 სექტემბერს „მთავარი არხის" 2.5%-იანი წილი შეიძინა.