თბილისში დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეუერთდებიან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები თბილისში მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან ორგანიზებულად გავიდნენ. ისინი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში შეიკრიბნენ და თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებითა და მსუბუქი ავტომობილებით გაემგზავრნენ.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერი თემურ ბასილაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, სამეგრელოს მასშტაბით რამდენი მოქალაქე წავიდა ზუსტი ცნობები არ აქვს, თუმცა ირწმუნება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 600 ადამიანი მიიღებს თბილისის აქციაში მონაწილეობას.
აქციაზე მიმავალი მოქალაქეები ამბობენ, რომ უერთდებიან რუსთაველის გამზირზე მყოფთა მოთხოვნებს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობის გამო, ცხოვრების სოციალური დონე მუდმივად იკლებს და გაუსაძლისი ხდება ყოფა. ამბობენ, რომ უნდა გადადგეს “ბიძინა ივანიშვილის მართული მთავრობა, რომელიც ხალხს ატყუებს”.