მღვდელ გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო
„სასულიერო პირის [მღვდელ გიორგი სხილაძის] მიმართ გამოთქმული მუქარის ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურამ მასალა გადაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში.
პროკურატურის ცნობით, შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე (მუქარის) მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“.
საქმის მიხედვით, 2019 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერის საშუალებით შეიტყო ინფორმაცია მღვდელ გიორგი სხილაძის მიმართ შესაძლო დანაშაულის შესახებ. როგორც მღვდელმა აღნიშნა, ის საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებდა, თუმცა ახლობლებმა შეატყობინეს მოსალოდნელი მუქარის შესახებ.
გიორგი სხილაძემ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. მღვდელი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.