დაზარალებული ქალის ახალგორიდან გადმოსაყვანად ცხელი ხაზი ამოქმედდა
ოკუპირებულ ახალგორში შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და პირველადი ინფორმაციით, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. ქალის ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.
სუს-ის ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი მოქალაქის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოთხოვნით. საქმეში ჩართულა წითელი ჯვარი და საერთაშორისო პარტნიორები.
შეგახსენებთ, გასულ თვეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.ის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან დაკეტილ ე.წ. საზღვარზე არ გაუშვა.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავისუფალი წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიაზე, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.
ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.