დეკანოზი გიორგი ზვიადაძე: პეტრეს არ აქვს უფლება მონასტერი თვითნებურად აირჩიოს
სასულიერო აკადემიის რექტორის, დეკანოზ გიორგი ზვიადაძის განმარტებით, სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებულ პეტრე ცაავას არ აქვს უფლება, თვითნებურად გადაწყვიტოს, რომელ მონასტერში წავა.
„თუ ის ამჯერადაც არ დაემორჩილა იმას, რაც განეწესა, ამაზე შემდეგ კიდევ იმსჯელებს სინოდი. მას არ აქვს უფლება თვითნებურად აირჩიოს, რომელ მონასტერში უნდა ყოფნა. თვითნებობამ მიიყვანა ის ამ უმძიმეს მდგომარეობამდე, რომელშიც იმყოფება. ამიტომ სწორი და სამართლიანია ის, რომ დაემორჩილოს პატრიარქისა და წმინდა სინოდის მითითებას“, - უთხრა ჟურნალისტებს დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ.
სინოდის მიერ 31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ეპარქიის მმართველობისა და სინოდის წევრობისგან გათავისუფლდა და მოსანანიებლად მონასტერში განმწესდა.
1 ნოემბერს გამოქვეყნდა კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება პეტრეს შიომღვიმის მონასტერში განმწესების შესახებ. პეტრე ცაავამ შიომღვიმში წასვლაზე უარი თქვა და ინჩხურის მონასტერში გაშვება ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.