რუსეთში ძალაში შევიდა კანონები, რომლებსაც უფლებადამცველები ცენზურად მიიჩნევენ
29 მარტს რუსეთში ძალაში შევიდა კანონები, რომლებიც ადგენს პასუხისმგებლობას „ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის და ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის.
პირველი კანონით იკრძალება ინტერნეტში ისეთი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელება და მისი სარწმუნოდ გასაღება, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივ დარღვევას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
ყალბი ამბების გამოქვეყნებისთვის მოქალაქეებს ელოდება ჯარიმა 100 ათასი რუბლის, თანამდებობის პირებს - 200 ათასი რუბლის, იურიდიულ პირებს - ნახევარი მილიონი რუბლის ოდენობით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირებისთვის ჯარიმამ მილიონნახევარ რუბლს შეიძლება მიაღწიოს.
თავის მხრივ, ხელისუფლებისა და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები შეიძლება დაჯარიმდნენ 100 ათასი რუბლითა და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება 200 ათას რუბლამდე.
ამ კანონპროექტებზე უარის თქმის მოწოდებით გამოვიდნენ ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭო და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მას ცენზურის გამოვლინებად მიიჩნევენ.