დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების პოვნას ცდილობს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების პოვნას ცდილობს მას შემდეგ, რაც ჩიხში შევიდა ტერეზა მეის მთავრობის მცდელობა, პარლამენტს დაამტკიცებინოს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკუთარი გეგმა. ბრექსიტის ოფიციალურ თარიღამდე, 29 მარტამდე, ორი დღე რჩება.
მანამდე დეპუტატებმა ჩაატარეს ერთგვარი პროცედურული რევოლუცია, როცა მხარი დაუჭირეს იმას, რომ ერთი დღით საკუთარ ხელში აიღონ პარლამენტის დღის წესრიგი. ჩვეულებრივ ამას მთავრობა აკეთებს.
დღეს დეპუტატები კენჭს უყრიან ბრექსიტის სხვადასხვა ვარიანტს. მათ შორისაა:
ბრექსიტი დიდი ბრიტანეთის დარჩენით ევროკავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში.
„საერთო ბაზარი 2.0“ - ევროპის თანამეგობრობის მსგავსი რამ, რომელსაც დიდი ბრიტანეთი 1973 წელს მიუერთდა, როცა ევროკავშირი ჯერ არ არსებობდა დღევანდელი, უფრო ინტეგრირებული ფორმით.
ახალი რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლები დაადასტურებდნენ პარლამენტის მიერ შერჩეულ რომელიმე ვარიანტს.
მეის გეგმის მიღება შესწორებებით, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის პრობლემას ეხება. ამჟამინდელი ვარიანტი, რომელიც ევროკავშირთანაა შეთანხმებული, ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას იწვევს ბრექსიტის მომხრეებში.
ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის გააქტიურების შეჩერება. ეს მუხლი არეგულირებს ქვეყნის გასვლას ევროკავშირიდან. ეს, ფაქტობრივად, ბრექსიტის შეჩერება იქნებოდა.