საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ სანქციების საკითხს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს
უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტს გადაეცა განსახილველად საქართველოს ორი მოქალაქის საკითხი, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ.
ეს განცხადება რადიო თავისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებისგან მიიღო პასუხად მოთხოვნაზე, განემარტა, რატომ იქნენ შეყვანილი მერაბ ხალვაში და მირანდა თურმანიძე იმ პირთა სიაში, რომლებზეც ვრცელდება უკრაინის პრეზიდენტის მიერ ახლახან ხელმოწერილი განკარგულება.
„თქვენ მიერ დასახელებულ პირთა მიმართ სანქციების დაწესების ინიციატორი იყო უკრაინის მინისტრთა კაბინეტი (2018 წ. 18 დეკემბრის განკარგულება No 1037-p).
ვითვალისწინებთ რა ზემოხსენებულს, „საჯარო ინფორმაციის წვდომის შესახებ“ უკრაინის კანონის 22-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თქვენი მოთხოვნა განსახილველად და სათანადო პასუხის გასაცემად გადაეგზავნა უკრაინის მინისტრთა კაბინეტს“, ვკითხულობთ რადიო თავისუფლებისთვის მოწერილ პასუხში.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მირანდა თურმანიძე რადიო თავისუფლებამ 21 მარტს აღმოაჩინა იმ 848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის.
21 მარტს როგორც ხალვაშმა, ისე თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიწვევა მიიღეს სევასტოპოლში სამეცნიერო კონფერენციაზე, თუმცა, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არ ჩასულან უკრაინისადმი პატივისცემის გამო.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს, მათ შორისსაქართველოს ორ მოქალაქეს.
დოკუმენტის მიხედვით სანქციები შეიძლება დაუწესდეთ შემდეგი მიზეზებით:
ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა;
უკრაინის სამხედრო გემებისა და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა;
ყირიმში უკანონოდ ჩასვლა;
ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება;
უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება.
სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.