საქართველომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი
კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები შეიძლება საქართველოში გაიმართოს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფიბა-ში ოფიციალური განაცხადი უკვე წარადგინა.
„საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა და საკმაოდ წარმატებულადაც. ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში კალათბურთი ძალიან უყვართ და ჩვენი გუნდი არავისთვისაა ხელწამოსაკრავი მეტოქე. ევროპის ჩემპიონატის თამაშების მასპინძლობასაც ვიმსახურებთ. მით უფრო, რომ სახელმწიფოსგანაც სრული მხარდაჭერა გვაქვს. პროცესში ყველა სამთავრობო უწყება იღებდა მონაწილეობას და გვაქვს საგარანტიო წერილები ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ. 2021 წელს ჩვენს ნაკრებს პოტენციალი ექნება, ევროპის ჩემპიონატზე არა მხოლოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ მაღალ შედეგებს მიაღწიოს” - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტთან ინტერვიუში.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ან ქვეყნებს ფიბა 25 მაისს დაასახელებს.