საფეხბურთო კლუბ „მერანის“ თამაშები საეჭვო მატჩების სიაში შეიტანეს
იტალიის გამოცემების: agimeg.it-ისა და genovapost.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ასაკობრივი გუნდის - „ნორჩი დინამოს“ მიერ იტალიაში გამართული სამი მატჩი საეჭვო თამაშების სიაში აღმოჩნა.
„ნორჩმა დინამომ“, რომელსაც ახლა „მერანი“ ჰქვია, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - „ვიარეჯოს თასზე” სამი შეხვედრა გამართა და სამივე დიდი ანგარიშით წააგო: იტალიის „ტორინოსთან“ - 1:7, „რიეტასთან“ – 1:5 და ბრაზილიის „ატლეტიკო პარანაენსესთან“ - 1:4.
იტალიური მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და ჩინეთის ტოტალიზატორებში გამორჩეულად მსხვილი ფსონები შევიდა საქართველოს კლუბის დიდი სხვაობით წაგებაზე, როგორც თამაშების დაწყებამდე, ასევე მიმდინარეობისას.
„მერანის“ წარმომადგენლების განცხადებით კი, კლუბი იტალიაში იმაზე უმცროსი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჩავიდა, ვიდრე მეტოქე გუნდები და მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
„ვიარეჯოს თასი“ იტალიაში ყოველწლიურად თამაშდება 20–წლამდელთა გუნდებს შორის. ამ ტურნირში წლების წინ მონაწილეობა მიუღიათ საქართველოს ნაკრების წევრებს: ჯანო ანანიძეს, დავით ხოჭოლავასა და ლევან მჭედლიძეს.