წვევამდელზე ძალადობის ფაქტს სამხედრო პოლიცია გამოიძიებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვევამდელზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში გამოძიება დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიციამ უკვე გამოკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. რომელიც კატეგორიულად უარყოფს წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას.
„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ. კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს“, - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი გამოკითხვის შედეგად, ძალადობის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება.
19 წლის წვევამდელის, ქაზიმ გახრამანოვმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უთხრა, რომ ის 8 მარტს, კრწანისის სასწავლო ცენტრში სცემეს და ფულს სძალავდნენ. მისმა ძმამ კი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ოჯახს ქაზიმი დილით დაუკავშირდა, მისულებს კი ის ნაცემი დახვდათ.