კუპრავას მტკიცებით, „მარკირების მოცილების გაკვეთილებს ატარებენ“ - ცესკოს პასუხი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა იმყოფებოდა თბილისში, დიდ დიღომში მდებარე #52 და #76-ე საარჩევნო უბნებზე, რომელიც 192-ე სკოლის შენობაშია გახსნილი. კუპრავას მტკიცებით, საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე არჩევნებამდე 5 დღით ადრე მიიტანეს და ატარებდნენ „მარკირების ვაზელინით მოცილების პრაქტიკულ გაკვეთილებს“.
ზვიად კუპრავამ 26 სექტემბერს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა „გაყალბების მექანიზმები“, რომელშიც აღწერს: „როგორ იცილებენ მარკირების სითხეს? „კარუსელის“ მონაწილე, რომელიც გასაყალბებლად მიდის უბანზე, წინასწარ ცერა თითს იმუშავებს გამჭირვალე ვაზელინით (ან მისი გაუმჯობესებული ვარიანტით) შესაბამისად კარუსელის მონაწილეს მარკირება ესხმება ვაზელინზე და არა თითზე. უბნიდან გამოსვლის შემდეგ ვაზელინი იბანება ჩვეულებრივად და მას უკვალოდ მიჰყვება მარკირება. შესაბამისად, გამყალბებელი მზად არის შევიდეს მომდევნო უბანზე“.
საარჩევნო უბნებზე ზვიად კუპრავა მოითხოვდა, მისთვის ეჩვენებინათ მარკირების სითხე. ადგილზე მივიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
ზვიად კუპრავასთან დაკავშირებულ საკითხზე ბრიფინგი გამართა ცესკოს სპიკერმა: „მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მივიდა საბურთალოს ოლქის თავმჯდომარე და აუხსნა, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიაში ინვენტარი და მათ შორის მარკირების სითხე კანონით გათვალისწინებულ ვადებში იყო საჭირო რაოდენობით მიტანილი, პარტიის წარმომადგენელი კვლავ აგრძელებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რის გამოც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება“.
რაც შეეხება მარკირების სითხეს, ცესკოს განმარტებით, „კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად. საარჩევნო უბნისთვის გადასაცემად ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის, მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები დ ა.შ.“
ცესკოს სპიკერი ასევე გამოეხმაურა ზვიად კუპრავას განცხადებას პრაქტიკული გაკვეთილების შესახებ. „თითქოს საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით, ვადების დარღვევით იყო შეტანილი. ასევე პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აპელირებდა იმაზე, რომ უბნის წევრები ვარჯიშობდნენ ვაზელინის გამოყენებით მარკირების სითხის მოშლაზე“, - თქვა ცესკოს სპიკერმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.