ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირანმა ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა ბირთვული პროგრამის გარშემო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა, რომელიც 27 სექტემბერს პირველად გამოვიდა სიტყვით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ირანი დადანაშაულა ბირთვული პროგრამის გარშემო „ყველა წითელი ხაზის“ გადაკვეთაში და განაცხადა, რომ ისრაელი ირანს „არ მისცემს“ უფლებას იქონიოს ბირთვული იარაღი.
ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრს პალესტინელებთან ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი არ უხსენებია. ნაცვლად ამის ნაფტალი ბენეტი შეეცადა ირანი წარმოედგინა როგორც გლობალური უსაფრთხოების საშიშროება იმ ფონზე, რომ ისლამურ რესპუბლიკას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბირთვული იარაღისათვის საჭირო ურანის გამდიდრების უნარი შესწევს.
2015 წელს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით, მიმდინარე წელს ირანმა ვენაში მოლაპარაკებების 6 რაუნდი გამართა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან.
ამ ხელშეკრულებით, ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა. ირანმა ამის პასუხად დაიწყო ხელშეკრულების პირობების თანდათანობით დარღვევა, მათ შორის, ურანის უფრო მაღალი ხარისხით გამდიდრების გზით, რომელიც უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონესთან.