თამარ გაბუნია საგანგაშოს უწოდებს საქართველოში ვაქცინაციის ტემპის შემცირებას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საგანგაშოა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ტემპის შემცირება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადა.
"ვაქცინაციის ტემპი ბოლო პერიოდში შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კვირა იყო და მეტ ადამიანს ჰქონდა დრო წასულიყო ვაქცინაციაზე, ასე არ მოხდა - 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის საგანგაშო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება... უფრო მეორე დოზებით მიიღწეოდა ის შედეგი, რაც გვქონდა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 20 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა;
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33,2%;
სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24,8%;
19 სექტემბერს აიცრა 7 720 ადამიანი.
კორონავირუსით საქართველოში გარდაიცვალა 8575 ადამიანი, მათ შორის არიან ორსულები, ჩვილები, მოზარდები და ხანდაზმულები.