IMF-ი გამოდის გაფრთხილებით ავღანეთში კარსმომდგარი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ავღანეთში არსებული ეკონომიკური ვითარების გამო და გამოდის გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში კარსმომდგარია ჰუმანიტარული კრიზისი, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც თალიბანის მეომრებმა ქაბულში დაამხეს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა.
შეშფოთების მიუხედავად, IMF-ის პრესმდივანმა, ჯერი რაისმა 16 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ამ სესხების გამცემი გლობალური კომპანიის ავღანეთთან კავშირი შეწყვეტილი რჩება - ანუ IMF-ის დაფინანსება ავღანეთისთვის შეჩერებულია. რაისმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა კონცენტრაცია უნდა მოხდეს ავღანელი ხალხისთვის მცირე დახმარებებსა და გადარიცხვებზე, და იმ ქვეყნების დახმარებაზე, რომლებიც ავღანელ ლტოლვილებს მასპინძლობენ.
ავღანეთის ეკონომიკა ძალიან სუსტი იყო თალიბანის მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარებამდეც. ეკონომიკას 20 წლის განმავლობაში ზურგს უმაგრებდა უცხოური დახმარება - ავღანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტამდე სწორედ საერთაშორისო დახმარებაზე მოდიოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს ქაბულზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა, უცხოელმა დონორებმა ავღანეთს შეუწყვიტეს დახმარების გამოყოფა. ისინი აცხადებენ, რომ დახმარება დამოკიდებულია თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ახალი ხელისუფლების ნაბიჯებზე - მთავრობის, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია.