სააკაშვილის თქმით, პოლიციელებს უნდა ჩამოეწეროთ საბანკო ვალები
საქართველოს პოლიციელების შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა მესამე პრეზიდენტმა. მისი განცხადებით, პოლიციელებს სავანკო ვალი უნდა ჩამოეწეროთ, ხოლო, ყოფილი პოლიციელების პენსია უნდა გახდეს 1 000 ლარი.
„არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი. ასევე, პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან, დარჩა 350 ლარის დონეზე, რაც უკვე არანაირ კრიტიკას არ უძლებს. უნდა იყოს მინიმუმ 1 000 ლარი.
ჩემი აზრით, ყველას გვესმის, რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ, ახლა მთავარია, მას არ ჩავყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მე მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს, უნდა პენსია გაიზარდოს 1 000 ლარამდე. ეს არ არის პოპულიზმი, მე გამიკეთებია და ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. პოლიციელი, რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს ცდუნება კორუფციისკენ წასვლის. ცოტაც კიდევ გაძელით, ჩემო მეგობრებო, იმიტომ, რომ მე კარგად ვიცი, რომ თქვენ შორის არის ბევრი პატრიოტი", - თქვა სააკაშვილმა.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, კოშმარი, რომელიც მთელ საქართველოს და პოლიციელებს ეხება, მალე დასრულდება. „აბა თქვენ იცით, შეგხვდებით მალე", - მიმართავს პოლიციელებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ 6 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა და თქვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაბრუნდება.