კალიფორნიის გუბერნატორი გაწვევის კენჭისყრის შემდეგ პოსტზე დარჩა
კალიფორნიელების უმრავლესობამ ხმა მისცა მათი დემოკრატი გუბერნატორის თანამდებობაზე დარჩენას და ამით უარი უთხრეს რესპუბლიკური პარტიის მცდელობას, საგანგებო - გაწვევის - კენჭისყრის გზით გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან გევინ ნიუსომი.
გაწვევის კენჭისყრის შედეგები აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში იმის გარანტიაა, რომ კალიფორნია დარჩება დემოკრატების კონტროლის ქვეშ და ააცილებს სერიოზულ სიძნელეებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც ნიუსომის მომხრე კამპანიაში ჩაერთო ამ კვირაში.
გაწვევის კენჭისყრის მოწყობის მთავარი მიზეზი იყო კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები, რაც ნიღბების ტარების აუცილებლობასა და შეზღუდვებში გამოიხატებოდა, რასაც გუბერნატორი თვითონ მართავდა და აკონტროლებდა.
„არა - არ ყოფილა ერთადერთი, რაც ითქვა დღეს საღამოს“, თქვა ნიუსომმა პრესკონფერენციაზე. „მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენ „ჰო“ ვუთხარით სახელმწიფოს, მეცნიერებას, ჩვენ „ჰო“ ვუთხარით ვაქცინას, ამ პანდემიის დასრულებას“.
ხმების 60 პროცენტის დათვლის შემდეგ NBC-მა და CNN-მა განაცხადეს, რომ ნიუსომი ხმების ორი მესამედით იმარჯვებდა.
მილიონობით კალიფორნიელმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ფოსტის საშუალებით, რამაც შესაძლებელი გახადა ხმების დათვლა დაუყოვნებლივ უბნების დახურვის შემდეგ.
გაწვევის წარმატების შემთხვევაში, რესპუბლიკელები შეცვლიდნენ ნიუსომს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პანდემიის პერიოდის აკრძალვები იმედგაცრუებას გამოიწვევდა მოსახლეობაში და ხალხი აღარ მიემხრობოდა დემოკრატ გუბერნატორს.