რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრის დაღუპვა არ აღმოჩნდა წვრთნებთან დაკავშირებული
რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი, ევგენი ზინიჩევი არ დაღუპულა უწყებათაშორისი წვრთნების დროს, როგორც ამის თაობაზე უფრო ადრე იტყობინებოდა მისი სამინისტრო, არამედ ტურისტული ობიექტის დათვალიერების დროს.
ამის შესახებ იტყობინებიან გამოცემა ერ-ბე-კას, „ტაიგი-ინფოს“ და RTVi-ს წყაროები. მთავრობის წევრი დაიღუპა მაშინ, როცა თანამგზავრის გადარჩენას აპირებდა. „ტაიგის“ წყაროს თანახმად, ნორილსკში ხსენებული წვრთნების გახსნის შემდეგ მინისტრი გაემართა ლამის ტბაზე, დაახლოებით 120 კილომეტრში ქალაქიდან. ეს კრასნოიარსკის მხარის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია, სადაც საპატიო სტუმრები მიჰყავთ ხოლმე, იტყობინება გამოცემა.
ერ-ბე-კას და RTVi-ს წყაროების თანახმად, ინციდენტი შეიძლებოდა მომხდარიყო კიტაბო-ორონის წყალვარდნილზე, მდინარე ირკინგდაზე.
ადრე გამოცემა „ერ-ბე-კა“ იტყობინებოდა, რომ ზინიჩევი, რომელსაც არმიის გენერლის რანგი ჰქონდა, ჩანჩქერის პირას საუწყებო გადაღებების დროს დაიღუპა, როცა რეჟისორ ალექსანდრ მელნიკის დახმარებას ცდილობდა, რომელსაც ფეხი მოუცურდა და წყალში გადავარდა. რეჟისორი დიდი ხანია თანამშრომლობს სამინისტროსთან.
მინისტრი იყო რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ამ საბჭოში შედიან რუსეთის ყველა ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და სხვა საკვანძო ოფიციალური პირები.
ზინიჩევი 55 წლისა იყო, ის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს 2018 წლიდან განაგებდა. ის 1987 წლიდან საბჭოთა უშიშროების სამსახურში მუშაობდა, 2006-დან 2015 წლამდე იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი დაცვის წევრი.