ციხის საკანში გარდაცვლილი ნახეს ცნობილი ანტივირუსული პროგრამის ავტორი
ესპანეთის კატალონიის მხარის იუსტიციის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 23 ივნისს, ჯონ მაკაფიმ თავი მოიკლა. ერთი დღით ადრე, ესპანეთის სასამართლომ მაკაფის აშშ-ში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.
აშშ-ის პროკურატურა 75 წლის ჯონ მაკაფის ბრალს სდებდა გადასახადებისთვის თავის არიდებაში, თაღლითობასა და კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებაში. მაკაფი, რომელიც ბრალდებას უარყოფდა, აშშ-ის მოთხოვნით, ესპანეთში 2020 წელს დააკავეს.
ჯონ მაკაფიმ ტვიტერზე 16 ივნისს გამოაქვეყნა ბოლო შეტყობინება, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით, “მე არაფერი მაქვს, მაგრამ არაფერს ვნანობ“.
მაკაფის მიერ 80-იან წლებში დაარსებული კომპანია McAfee 2010 წელს, 7.6 მილიარდ დოლარად შეიძინა კორპორაცია Intel-მა.