ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულმა რეფორმისტმა პოლიტიკოსმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა
18 ივნისის დანიშნულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულმა ორიდან ერთ-ერთმა რეფორმისტმა კანდიდატმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ირანის მედიის ცნობით, 64 წლის მოჰსენ მეჰრალიზადეჰმა, ირანის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეს გადაწყვეტილება 16 ივნისს მიიღო. ამგვარად, ირანის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს 6 კანდიდატი, რომელთა შორის გამარჯვებას უწინასწარმტყველებენ სასამართლო ხელისუფლების ულტრაკონსერვატორ ხელმძღვანელს, ებრაჰიმ რაისის.
მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, აბდოლნასერ ჰემატი, ზომიერი შეხედულებებით გამორჩეული წამყვანი კანდიდატი, რომელსაც ულტრაკონსერვატორები მოუწოდებენ, რომ პასუხისმგებლობა იკისროს ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ კრიზისზე.
ირანის ზედამხედველთა საბჭოს მიერ გასულ თვეში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კენჭისყრაზე არ დაეშვათ ზომიერი შეხედულებების მქონე გავლენიანი კანდიდატები, რაისი აქცია წამყვან ფიგურად კანდიდატებს შორის.