„ოცნება" მზად არის „მთავარი არხის" და „TV პირველის" კონკრეტულ გადაცემებში მიიღოს მონაწილეობა
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, მათ განიხილეს მიმდინარე პოლიტიკურ თემები, მომდევნო სასესიო კვირის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სხდომის შემდეგ თქვა, რომ „ქართული ოცნება" მონაწილეობას მიიღებს „მთავარი არხისა" და „TV პირველის" კონკრეტული ფორმატის გადაცემებში.
„წინა დღეების განმავლობაში ორი ტელეკომპანიის მხრიდან იყო გამოთქმული ინიციატივა იმის შესახებ, რომ ძალიან კონკრეტულ ფორმატებში მიგვეღო მონაწილეობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამაზე ვერანაირ პრობლემას ვერ შევქმნით. პრობლემას ვერ ვხედავთ. ეს იყო ტელეკომპანია „მთავარი" და ეს იყო ტელეკომპანია „TV პირველი" რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები. ეს იქნება ჩვენთვის შესაძლებლობა იმისა, რომ კი არ ველაპარაკოთ დავუშვათ რომელიღაცა სეგმენტს, როგორც ამას ვთქვათ, თქვენი კოლეგები აღნიშნავენ ხოლმე, ველაპარაკოთ აბსოლუტურად ყველას", - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
„მთავარი არხი" რამდენიმე საათია ავრცელებს პროექტის ანონსს: „გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან".