შარლ მიშელი პარლამენტში „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს ხვდება
საქართველოს პარლამენტში იმყოფება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ის ხვდება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. „ქართული ოცნებიდან" შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. ოპოზიციიდან: ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი, „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „ევროპელი სოციალისტებიდან" დავით ზილფიმიანი და არმაზ ახვლედიანი და „ლელოდან“ - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 20 აპრილს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო.
2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. დოკუმენტი ხელმოწერებისთვის ღიაა.