ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას გეგმავენ
"ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გეგმავენ. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან. შემდეგ კვირაში მოწვევით მივდივართ ბრიუსელში, სადაც გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ევროკოიმისიაში. "ლელო" მივდივართ, მე და მამუკა ხაზარაძე, გრიგოლ გეგელია. გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა დაგეგმილი. გვექნება საშუალება, კვლავ ვიმსჯელოთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავლის გზებზე.
ჩვენი პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებული ოპოზიციის მიდგომებზე, განზრახვაზე, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა შედგეს შეთანხმება და იმ დარჩენილ 2 საკითხზეც ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც არ იქნება ყალბი ფორმულირება, მაგრამ იქნება რეალური და სამართლიანი - ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გარეთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამ დროის მონაცემებით, "ლელო" იმ ოპოზიციონერ პარტიებს შორისაა, რომელიც ამბობს, ხელი კიდევ ორი პირობაა შესასრულებელი იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს ხელისუფლებასთან.
დღეს "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ:
„გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები.