ანტონ პლესნოიმ საქართველოს სამი ოქროს მედალი მოუპოვა ევროპის ჩემპიონატზე
მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, 9 აპრილის დღის პროგრამა საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. საქართველოს ნაკრების წევრი ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონი გახდა 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში. პირველ მოძრაობაში - ატაცში პლესნოიმ ოქროს მედალი მეორე ცდით გაინაღდა - 175-კილოგრამიანი შტანგა ასწია. მესამე ცდაც (180 კგ) გამოიყენა და უახლოეს მდევართან ჰანდიკაპი რვა კილომდე გაზარდა.
აკვრაში ანტონ პლესნოიმ 215 კილოგრამით, კიდევ უფრო იოლად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ორჭიდის ჯამში კი 393 კილოგრამი მოაგროვა და ვერცხლის პრიზიორს - ბელარუს პეტრ ასაიონაკს 19 კილოგრამით გაუსწრო.
ევროპირველობა მოსკოვში კვირის ჩათვლით გაგრძელდება. 10 აპრილს საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ), ხოლო 11 აპრილს - ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ).