ვენაში გაიმართა შეხვედრა ირანისა და მსოფლიოს ხუთი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის
ვენაში გაიმართა შეხვედრა ირანისა და მსოფლიოს ხუთი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო, კვლავ შთაბერონ სული 2015 წლის შეთანხმებას, რომლიდანაც 2018 წელს გამოვიდა აშშ.
როგორც ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, აბას არაყჩიმ განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას, 6 აპრილის მოლაპარაკებები, - რომელშიც ირანის გარდა მონაწილეობდნენ ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი, - „კონსტრუქციული“ იყო.
ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა განაცხადა, რომ დასაწყისი „წარმატებული“ იყო.
როგორც მოელიან, მხარეები 9 აპრილს განაგრძობენ შეხვედრას, რომელშიც ევროპელი დიპლომატები შუამავლობას გაწევენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში ირანისა და აშშ-ის ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ მზადაა განაახლოს თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიტოვებული შეთანხმება, მაგრამ მისი მთავრობა აცხადებს, რომ მანამდე ირანი უნდა დაუბრუნდეს ბირთვულ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
თეირანი კი დაჟინებით იმეორებს, რომ ის არ ჩაერთვება აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებში და მანამ არ გადადგამს არავითარ ნაბიჯს, სანამ ვაშინგტონი უარს არ იტყვის თეირანისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე.