თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ არ აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი
![თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ არ აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი](https://gdb.rferl.org/b1dec064-4b6b-4b85-99c3-9df9768b3546_w800_h450.jpg)
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს COVID-19-ზე ვაქცინაცია არ ჩაუტარდა იმიტომ, რომ იგი არ მიეკუთვნება არც ერთ იმ პრიორიტეტულ ჯგუფს, რომელთა აცრაც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს:
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრული არის გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება ამ შემთხვევაში ჩვენ მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია 100 ცნობადი სახის აცრამ და რა თქმა უნდა არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. ამდენად სამწუხაროდ ჯერჯერობით ქვეყანა მაინც ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან. მაგრამ როგორც ვხედავთ რისკი ყველგან არის და სამწუხაროდ ინფექცია ყველას შეიძლება შეეხოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა "ფეისბუკით".
"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", - წერს ის.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-ია.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 284 958 შემთხვევა. მათგან 275 220 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3832 ადამიანი.