საქართველო-ისრაელს შორის მიმოსვლა შესაძლოა, აგვისტოდან აღდგეს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ისრაელის ტურიზმის მინისტრი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. ამის შესახებ მინისტრების ონლაინ-შეხვედრის შემდეგ, ფეისბუკზე დაწერა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ. მისი ინფორმაციით, მიმოსვლა როგორც ჩანს, აგვისტოში აღდგება.
მაისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება უსაფრთხო „მწვანე დერეფნების“ შესაქმნელად და პირველი სახელმწიფო, საიდანაც კორონავირუსის პანდემიისას საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. თუმცა, ივნისში ცნობილი გახდა, რომ ისრაელი პირველი აღარ იქნება ამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.
საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აპირებს.