გრიგოლ ლილუაშვილი საბურთალოს სპეცოპერაციაზე: ვერაფერს გეტყვით ჯერ, არ შეიძლება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს საბურთალოზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინიტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მისულ ლილუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, უკავშირდებოდა თუ არა საბურთალოს სპეცოპერაცია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მომზადების საქმეს.
"ვერაფერს გეტყვით, ვერაფერს... პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურიდან. არ შეიძლება ჯერ", - თქვა ლილუაშვილმა.
15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა. გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".