ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა შეამოწმეს მისი სახლი, დაკავებული ჩეჩენის საქმის ფარგლებში
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი ამბობს, სამართალდამცავებმა პანკისში, მისი სახლი შეამოწმეს, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში.
ხანგოშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 3-4 სამართალდამცველი ესტუმრა, აცნობეს, რომ მისი ნაცნობი ეთნიკურად ჩეჩენი პიროვნება დააკავეს და სახლის დათვალიერება ითხოვეს. უხუცესის თქმით, არანაირი ნებართვა არ მოუთხოვია, რადგან დასამალი არაფერი აქვს:
"სპეცოპერაცია არ ყოფილა. შემოვიდნენ, დაათვალიერეს და წავიდნენ. არაფერი არ უთქვამთ. უბრალოდ, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ვნახავთო. კიბატონო მეთქი. მე დასამალი არაფერი მაქვს. შეადგინეს ოქმი, რომ სახლში არაფერი აღმოჩნდა და მოვაწერე ხელი".
ეთნიკურად ჩეჩენი აჰმედი, რომლის სრული სახელი რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი არაა, ხანგოშვილის ცნობით, საქართველოს მოქალაქე არაა. მისივე თქმით, დაკავებული უხუცესის სახლს სტუმრობდა ხოლმე:
"ორჯერ ან სამჯერ იყო ჩამოსული. წინა დღესაც იყო. ათასი სტუმარი მოდის ჩემთან. ძალიან კონტაქტური ახალგაზრდაა. ბიზნესისთვის ვარო ჩამოსული".
12 ივნისს თბილისში, საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. უხუცესი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ადგილას ჰქონდა ბინა დაქირავებული აჰმედს.
"სხვა სათქმელი არ მაქვს", - ამბობს ხასო ხანგოშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თბილისში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და პანკისში ხასო ხანგოშვილის სახლის დათვალიერებაზე კომენტარს არ აკეთებენ.