სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა დაასრულოს მმართველი პარტიის ხანგრძლივი დომინირება
შაბათს სლოვაკეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შესაძლოა დაასრულოს პარტია „მიმართულება - სოციალ-დემოკრატიის“ ხანგრძლივი დომინირება, ხელისუფლებაში კი შეიძლება მოვიდნენ უფრო პროევროპული ძალები.
კენჭისყრის შედეგების პროგნოზირება ერთობ რთულია უჩვეულოდ ხანგრძლივი, ორკვირიანი მორატორიუმის გამო არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის თაობაზე გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაზე. პროგნოზირება რთულია ასევე არჩევნებში მონაწილე პარტიების დიდი რაოდენობის გამო.
უკანასკნელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ პოპულარობა მოემატა იგორ მატოვიჩის მოძრაობას „რიგითი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები“. ის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით გამოდის. მრავალი სლოვაკი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ეს მოძრაობა საფუძველი იქნება მომავალი მმართველი კოალიციისა, რომელშიც სხვადასხვა ძალა შევა - მემარცხენე ცენტრისტებიდან კონსერვატორებამდე. ამ კოალიციის შესაძლო მონაწილეთა შორის არის პარტია „პროგრესული სლოვაკეთი“, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უჭერს მხარს; ასევე პარტია „ხალხისთვის“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი კისკა ხელმძღვანელობს. ეს პროდასავლური ლიბერალური პოლიტიკური ძალებია.
მმართველი პარტია, რომლის პოპულარობა მკვეთრად დაეცა ორი წლის წინ ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ, ინარჩუნებს პირველი ადგილის მოპოვების შესაძლებლობებს, მაგრამ, როგორც გამოკითხვები მეტყველებს, მთავრობის ჩამოყალიბების შანსები ცოტა ექნება.
არჩევნებში შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს ასევე მარიან კოტლებას ულტრამემარჯვენე პარტიამ „სახალხო კავშირი - ჩვენი სლოვაკეთი“, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირიდან და ნატოდან გასვლას. მაგრამ პარტია იზოლირებულია პოლიტიკურ სცენაზე.