ხანძარია იყალთოს ტყის მთიან ნაწილში
თელავში, სოფელ იყალთოს ტყის მთიან ნაწილში მეორე დღეა ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და გამხმარ ხეებს უკიდია. მთიანი ზონის გამო ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის ადგილამდე მიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს.
სოფელ იყალთოში თელავის მერის წარმომადგენლის, გიორგი ლაჩაშვილის თანახმად, ხანძრის ქრობას აფერხებს მშრალი ამინდი და ქარი.
„გუშინ გაჩნდა ხანძარი, თავდაპირველად ცეცხლი ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ხოდაშენის ტორიტორიაზე იყო და შემდეგ უკვე იყალთოს ტყეზეც გადმოვიდა. გუშინ თითქმის ჩავაქრეთ ცეცხლი, თუმცა ძლიერმა ქარმა სამუშაოები შეაფერხა და ცეცხლი ხელახლა გაძლიერდა. სახანძრო ტექნიკაც ბოლომდე ვერ მიდის და მაშველებს ქვეითად უწევთ მისვლა ხანძრის კერამდე. მათ ასევე ეხმარება სოფლიდან წასული მოხალისეთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივები კიდევ დაემატებიან“, - განაცხადა გიორგი ლაჩაშვილმა.