რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს დონბასში კონფლიქტის თაობაზე
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარასკევს სატელეფონო საუბარში განიხილეს „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტის მომზადებისა და დონბასში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხები.
ოფიციალურ ცნობებში არაფერია ნათქვამი, თუ როდის გაიმართება ოთხეულის მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა.
უკრაინული მხარე იუწყება, რომ სატელეფონო საუბარში განიხილეს, აგრეთვე, „რუსეთისა და დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში მყოფი პირების გათავისუფლება“, ასევე მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულება.
ბოლოს ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა კიევის ინიციატივით, 2019 წლის 31 დეკემბერს. პუტინმა და ზელენსკიმ ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი დღესასწაული და ისაუბრეს 2020 წელს რუსეთ-უკრაინის ურთიერთოების განვითარებაზე.
„ნორმანდიის ოთხეულის“ - უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების - შეხვედრა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში, პარიზში, გაიმართა. მოლაპარაკების დროს შეთანხმდნენ ძალთა დაშორიშორებაზე დონბასში დაპირისპირების ხაზის გასწვრივ და პატიმრების გაცვლაზე.