კაპანაძის თქმით, ODHIR ამბობს, რომ „გერმანული მოდელი" შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძე გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ ეუთო/ODHIR-ის დასკვნას.
„ე.წ. გერმანული მოდელის (მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქებით) შესახებ,
როგორც ეუთო/ODHIR ამბობს, ეს არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მას არანაირი წინააღმდეგობაა არ აქვს საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს“, - თქვა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის წევრის განმარტებით, დასკვნის თანახმად, ნებისმიერი მოდელზე, რომელიც იქნება შეთავაზებული, უნდა იყოს მხარეებს შორის კონსენსუსი.
„რაც მთავარია, არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ შემოთავაზებული მოდელი არაკონსტიტუციურია“, - შენიშნავს სერგი კაპანაძე.
რაც შეეხება კანონპროექტის მეორე ნაწილს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრას ეხება, კაპანაძის თქმით, დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პროექტში მოცემული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შეიძლება იყოს განხილული, როგორც საარჩევნო სისტემების მაჟორიტარული კომპონენტი.
„უფრო მეტიც, ODHIR პირდაპირ ამბობს (და ამით პრაქტიკულად აცლის მთავარ არგუმენტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა), რომ ზოგადად, საარჩევნო მოდელები: შერეული, მაჟორიტარული, პროპორციული თუ სხვა, არსად არის კლასიფიცირებული საერთაშორისო სისტემაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ რაღაც მოდელია და კონსტიტუცია ამას ეწინააღმდეგება, რომ ასე არის მიღებული, აპრიორი არის არასწორი“, - თქვა კაპანაძემ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, დასკვნიდან გამომდინარე, ოპოზიციის მიერ ინიცირებული მოდელი შეიძლება მიღებული ხმების უბრალო უმრავლესობით.
ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელი სახალხო დამცველმა შესაფასებლად ეუთო/ODHIR-ს დეკემბერში გაუგზავნა.
ეუთო/ODHIR-მა მოსაზრება ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებულ შესწორებებზე საარჩევნო კანონმდებლობაში 5 თებერვალს გამოაქვეყნა. მოსაზრებაში პირდაპირ არ არის საუბარი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, აღნიშნულია, რომ ეს ადგილობრივი სასამართლოს გადასაწყვეტია. ეუთოს ექსპერტებს ტექნიკური შენიშვნები აქვთ კანონპროექტის დასახვეწად.