ცნობილი ირანელი რეპერი თურქეთში დააკავეს თეირანის თხოვნით
ამირ ტატალო, ცნობილი ირანელი რეპერი და ე.წ. „ანდერგრაუნდის მომღერალი“, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ აკრძალული აქვს გამოსვლა, თურქეთში დააკავეს თეირანის თხოვნის საფუძველზე.
ირანის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის, აჰმად ნოურიანის თანახმად, ტატალო, რომლის ნამდვილი სახელიცაა ამირ ჰოსეინ მაგსოდლუ, თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა ინტერპოლის მიერ თეირანის თხოვნის შედეგად გაცემული „წითელი ცირკულარის“ საფუძველზე.
ირანის სასამართლო ხელისუფლებამ თურქეთს ტატალოს დაპატიმრების თხოვნით მიმართ „მის მიერ მოქალაქეებში, კერძოდ ახალგაზრდობაში ნარკოტიკების მოხმარების მოწოდების გავრცელებისა და კორუფციის გამო“, - განაცხადა ირანელმა მოხელემ.
თურქეთის ხელისუფლებას ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რადიო თავისუფლების თხოვნას, დაედასტურებინა ეს ცნობა, არც ინტერპოლი გამოეხმაურა.
ტატალოს დაპატიმრების შესახებ ცნობა ინსტაგრამის საშუალებით მომღერლის სოციალური ქსელის ადმინისტრატორმა, რონაკმა გაავრცელა.
ტატალო, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელში, ირანის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობას მოუწოდებდა მხარი დაეჭირათ რადიკალი სასულიერო პირის, ებრაჰიმ რაისისთვის. მოგვიანებთ რაისი ირანის სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.