დამოუკიდებელ ინსპექტორად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი აირჩია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა. მას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 9 წევრმა დაუჭირა.
ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. მან კანდიდატურა თავად მოხსნა მას შემდეგ, რაც მისი ინტერსეთა კონფლიქტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრები ალაპარაკდნენ.
კერძოდ, ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ონიანის ყოფილი მაზლი იყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ყოფილი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესა. ქეთევან ცინცაძე პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი იყო. იგი პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.
დამოუკიდებელ ინსპექტორს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით ირჩევს. მისი ფუნქცია მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებზე სამართალწარმოების დაწყებისას პირველადი მოკვლევის ჩატარებაა.