მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" წევრებს და მხარდამჭერებს მიმართავს
პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებს და მხარდამჭერებს მიმართა, საკუთარი პასუხისმგებლობა გაიზარონ და შეაჩერონ მათი ლიდერის "ბოროტი კურსი".
23 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ხაზარაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი: „არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები. აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს“.
ხაზარაძის შეფასებით, ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და თუ რაღაც არ შეიცვალა, მალე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორად მხოლოდ რუსეთი დარჩება.
„ამ ვითარებაში მინდა მივმართო "ქართული ოცნების" დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს, თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
"ლელოს" დამფუძნებელი მმართველი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მიმართვს, რომ მათი ლიდერის „ბოროტი კურსის“ შეჩერება პირველ ყოვლისა, მათივე ვალია: „მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია“.