პუტინი ამბობს, რომ არ მოსწონს საბჭოთა ყაიდის სამუდამო ლიდერები
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ არ სურს მისი ქვეყანა დაუბრუნდეს საბჭოთა პრაქტიკას, როცა ლიდერები მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყვნენ თანამდებობაზე და მათი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობის პროცედურა ბუნდოვანი რჩებოდა.
18 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრისას, პუტინს ჰკითხეს, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი პრეზიდენტობის ვადის გაუქმება.
„ძალიან შემაშფოთებელი იქნებოდა იმ ვითარებასთან დაბრუნება, რომელიც 1980-იანი წლების შუა პერიოდში გვქონდა, როცა სახელმწიფო ლიდერები ხელისუფლებაში რჩებოდნენ, ერთიმეორის მიყოლებით, სიცოცხლის ბოლომდე და მათი წასვლის შემდეგ ძალაუფლების გადაცემის აუცილებელი პირობები არ იყო გამოკვეთილი“, - თქვა პუტინმა და დასძინა: „ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ამ სიტუაციას თუ არ დავუბრუნდებით“.
პუტინი, რომელიც 2000 წლიდან არის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე, ახლა მეოთხე ვადით არის პრეზიდენტი. რუსეთში მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ რა მოხდება მას შემდეგ, როცა მისი პრეზიდენტობის ამჟამინდელი ვადა 2024 წელს ამოიწურება, ვინაიდან მოქმედი კონსტიტუცია პრეზიდენტებს მიყოლებით ორი ვადის შემდეგ კენჭისყრას უკრძალავს.
15 იანვარს, თავის ყოველწლიურ გამოსვლაში, 67 წლის პუტინი გამოვიდა საკონსტიტუციო შესწორებების წინადადებით, რომლებიც, მიღების შემთხვევაში, მას ბევრ სტრატეგიას მისცემს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ვადის ამოწურვის შემდეგაც, მათ შორის - გაძლიერებული სახელმწიფო საბჭოს ლიდერის პოსტზე.