მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ზურაბ ჯაფარიძეს სახდელის სახედ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
18 ნოემბერს აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე.
14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.
პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები, აგრეთვე, პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.