დემოკრატები აშშ-ის კონგრესში კმაყოფილი არ არიან სოლეიმანიზე თავდასხმის შესახებ თეთრის სახლის შეტყობინებით
თეთრმა სახლმა ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა კონგრესს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით 3 იანვარს დრონით თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ყასემ სოლეიმანი, რომელიც იმ დროს ერაყში ჩაფრინდა.
შეტყობინება კონგრესს გაეგზავნა აშშ-ის 1973 წლის კანონის შესაბამისად, რომელსაც „ომის უფლებამოსილების რეზოლუცია“ ან „ომის უფლებამოსილების აქტი“ ეწოდება, და რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოითხოვს, კონგრესს 48 საათის განმავლობაში აცნობოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებაში მოყვანის ან დაგეგმილი ოპერაციის თაობაზე.
თეთრ სახლს შეტყობინების გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია. არ არის ცნობილი, გამოქვეყნდება თუ არა საიდუმლო დოკუმენტის რედაქტირებული ვერსია.
მაშინ როცა რესპუბლიკური პარტიის წევრების უმეტესობამ პრეზიდენტის აქტი ქებით მოიხსენია, დემოკრატიული პარტიის წევრმა კანონმდებლებმა ტრამპი გააკრიტიკეს, რადგან მან არ მოითხოვა კონგრესისგან წინასწარი თანხმობა ან არ შეატყობინა მას თავდასხმის თაობაზე და გამოთქვეს შეშფოთება, რომ ამ აქციამ აშშ შეიძლება ირანთან ომამდე მიიყვანოს.
წარმომადგენელთა პალატის წამყვანი დემოკრატის, ნენსი პელოსის თქმით, თეთრი სახლის შეტყობინება „უფრო მეტ შეკითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა“.
ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის განკარგულება გასცა, რათა „ომი შეეჩერებინა“, და რომ სოლეიმანი „გარდაუვალ და სასტიკ“ თავდასხმებს გეგმავდა აშშ-ის ინტერესების და მოკავშირეების წინააღმდეგ.
62 წლის სოლეიმანი ირანის „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. ეს ძალები ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ნაწილია, რომელიც უცხოეთში მოქმედებს. გვარდია აშშ-ს უცხოეთის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.