გუდაურში უწყლობის პრობლემა ამ დრომდე არ გადაჭრილა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, გუდაურში „რედკოს დასახლებაში“ მიმდინარეობს წყლის სტაბილური მიწოდებისთვის მისი დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები.
კომპანიის ცნობით, მუშაობენ დროებითი სატუმბო სადგურის მოსაწყობად, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება.
„რედკოს დასახლებას“ ამ ეტაპზე წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. ასე მანამდე გაგრძელდება, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ შექმნა რეზერუარების შევსების პრობლემა და „რედკოს დასახლებაში“ წყლის მიწოდება შეფერხდა.
„რედკოს“ კომპლექსში მყოფი დამსვენებლების განცხადებით, მეორე დღეა, წყლის შეწყვეტის გამო გათბობის სისტემა გამართულად ვერ მუშაობს. მედიასთან საუბარში კი ტურისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ისინი იძულებულები არიან, დატოვონ კურორტი.