პროკურატურა: 230-მდე პირი გამოიკითხა, 20-21 ივნისს, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე
20-21 ივნისს, აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 230-მდე პირია გამოკითხული. განაცხადეს გენერალური პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. უწყების ცნობით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
საქართველოს გენერალური პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.
პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთ მცდელობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ამავე დროს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენენ ყველა იმ პირის ბრალეულობას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობას და მონაწილეობდნენ მასში პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.