უკრაინაში დააპატიმრეს დონეცკელი სეპარატისტების ანტისაჰაერო თავდაცვის ყოფილი უფროსი
უკრაინის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ანტისაჰაერო თავდაცვის ყოფილ უფროსს, ვლადიმირ ცემახს. ამის შესახებ ცემახის ადვოკატმა უთხრა საინფორმაციო საშუალებებს.
ადვოკატ რომან გონტარიოვის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ცემახი დააკავა 27 ივნისს, ქალაქ სნეჟნოეში. 2014 წლის ივლისში სწორედ ამ ქალაქის მახლობლად ჩამოაგდეს მალაიზიის ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი.
დაკავებული ცემახი გადაიყვანეს ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. მისი დაკავების ფაქტი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს დაუდასტურა მისმა ქალიშვილმა, რომელიც სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დაკავებული ცერახი საკონტროლ-გამშვებ პუნქტზე „მარინკაზე“ გადაიყვანეს ინვალიდის ეტლით, როგორც თითქოსდა პარალიზებული პენსიონერი.
ადვოკატის თანახმად, ცემახი კიევში ჩაიყვანეს 28 ივნისს. მომდევნო დღეს მას სასამართლომ შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.
უკრაინაში მას ტერორისტული ჯგუფის შექმნაში ადანაშაულებენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ცემახს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.