ბათუმში საპროტესტო აქციას აგრძელებენ დახურული კაზინოს თანამშრომლები
ბათუმში, კაზინო „ინტურისტის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი კუთვნილ ხელფასს ითხოვს. აქციის მონაწილეებს სასტუმრო „ეიფორიის“ შესასვლელი აქვთ ბლოკირებული და შენობაში არავის უშვებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ სასტუმროს მფლობელმა კომპანია "მეტრო სითიმ” კაზინო „ინტურისტი“იანვრის დასაწყისში დახურა, ხოლო თანამშრომლებს სამი თვის სახელფასო დავალიანება არ გადაუხადა.
"ოჯახებია ჩვენ უკან. საბანკო დავალიანებები გვაქვს. სად წავიდეთ? ვითხოვთ სამი თვის ხელფასს, რომელიც ნოემბრიდან არ აგვიღია. ამ დრომდე არცერთი თანამშრომელი არ არის გათავისუფლებული, მაგრამ პასუხს არავინ გვცემს", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ინგა ცინცაძემ.
აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად კომპანია „მეტრო სითის“ ოფისში სცადეს შესვლა, მაგრამ მათ დაცვის სამსახური შეეწინააღმდეგა. პოლიციის წინააღმდეგობის შედეგად, ასევე უშედეგოდ დასრულდა გზის გადაკეტვის მცდელობაც. კომპანია „მეტრო სითის“ პრესამსახურში აცხადებენ, რომ კაზინო „ინტურისტ ლიბერთის“ კომპანია „მეტრო სითისგან“ ორწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული კაზინო „ინტურისტის“ შენობა.
შესაბამისად, „მეტრო სითი“ თვლის, რომ დავალიანება „ინტურისტ ლიბერთიმ“ უნდა გადაიხადოს. თუმცა ჯერჯერობით გაუგებარია - როდის მიიღებენ ანდა საერთოდ მიიღებენ თუ არა კუთვნილ ანაზღაურებას დახურული კაზინოს თანამშრომლები.