ტრამპი დადებითად აფასებს ავღანეთში მშვიდობის შესახებ თალიბებთან მოლაპარაკებას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს წინსვლას ავღანეთში მშვიდობის შესახებ თალიბანთან მოლაპარაკებაზე. „მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობს ავღანეთში 18 წელი ბრძოლის შემდეგ“, წერს ტრამპი ტვიტერში.
მისი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადისა და თალიბანის დელეგაციის გასული კვირის შეხვედრას. ყატარში მოლაპარაკების ექვსდღიანი რაუნდის შემდეგ თალიბანმაც და აშშ-ის წარმომადგენელმაც გამოაცხადეს „პროგრესის“ მიღწევის შესახებ.
გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში, რომელიც 28 იანვარს გამოქვეყნდა, ზალმაი ხალილზადი ამბობს, რომ მხარეები, მთლიანობაში, შეთანხმდნენ სამშვიდობო გეგმის „ძირითად სტრუქტურაზე“ ავღანეთის ომისათვის ბოლოს მოსაღებად.
როგორც ის განმარტავს, სამშვიდობო გეგმის პროექტით, თალიბანმა არ უნდა დაუშვას ავღანეთში საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების დაფუძნება. ამ პირობის შესრულებას შესაძლოა მოჰყვეს ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების მთლიანად გასვლა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას გამართავენ და მყარ ზავზე შეთანხმდებიან.
თალიბანი აქამდე უარს ამბობს ავღანეთის მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებაზე, რადგან მათ აშშ-ის „მარიონეტებად“ მიიჩნევს.